ნიკოლოზ (ნიკო) ჟამუტაშვილი დაიბადა 1925 წლის 10 იანვარს ქ. ყვარელში. ჰყავდა მეუღლე თინა ღონიაშვილი და ორი შვილი — მერი და მერაბ ჟამუტაშვილი.
თეატრალური ცხოვრება სცენის სიყვარულით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური უმაღლესი თეატრალური განათლება არ მიუღია, შეძლო მრავალი სახასიათო როლის შესრულება. გამოირჩეოდა მაღალი არტისტიზმით, ხმის ტემბრითა და გარეგნობით.
1942 წლიდან ირიცხებოდა ყვარლის სახელმწიფო თეატრის დასში, სადაც მუშაობდა ისეთ მსახიობებთან ერთად, როგორებიც იყვნენ გიორგი ბაღაღოშვილი, მიხეილ სულთანიშვილი, გერონტი ტუღუში, ვაჟა ნოდია და სხვები. სწორედ ამ თეატრალურმა გარემომ ჩამოაყალიბა იგი ნამდვილ მსახიობად.
1944 წელს რეჟისორ შალვა ჩერქეზიშვილის მიწვევით შეასრულა გერმანელი პოლკოვნიკის როლი სპექტაკლში „ლეიტენანტი გამიდოვი“. 1947 წელს მონაწილეობდა „ხევისბერი გოჩას“ დადგმაში, სადაც მათიას როლი შეასრულა და დიდი მოწონება დაიმსახურა.
1949 წელს ყვარლის სახელმწიფო თეატრი დაიხურა, თუმცა დრამატულმა დასმა მუშაობა არ შეწყვიტა. ხელმძღვანელობა ნიკო ჟამუტაშვილმა იტვირთა — იყო რეჟისორიც, სამხატვრო ხელმძღვანელიც და წამყვანი მსახიობიც. ამ პერიოდში სახალხო თეატრმა მრავალი წარმატებული დადგმა განახორციელა.
1960-იანი წლებიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის ყვარლის სახალხო თეატრში შექმნა არაერთი გამორჩეული სახე: „მკაცრი ქალიშვილები“, „მე ჩემს გზას მოვნახავ“, „ალუბლის ყვავილი“ და სხვა სპექტაკლები. გოდერძის როლის შესრულებისთვის დაჯილდოვდა პირველი ხარისხის დიპლომით.
ნიკო ჟამუტაშვილი არასოდეს კმაყოფილდებოდა მიღწეულით — მუდმივად სრულყოფდა ოსტატობას. მისთვის არ არსებობდა დიდი და პატარა როლები — ყველა ეპიზოდს ერთნაირი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა.
დაჯილდოებულია მრავალი სიგელითა და დიპლომით, მათ შორის მედლით „შრომითი მამაცობისათვის“. 1971 წლის 19 ნოემბერს გაიმართა მისი სასცენო მოღვაწეობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო.
1988–1989 წლებში მონაწილეობდა ყვარლის კულტურის სახლთან არსებულ ვაჟთა გუნდ „ყვარელში“. სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად ემსახურებოდა ქართულ ხელოვნებას.
ყვარელი არასოდეს დაივიწყებს მის დიდ ამაგს ყვარლის თეატრალურ ცხოვრებაში.